Schuchmann Winery | ქართული ღვინის კომპანიები ექსპორტის შემცირებას რეგიონალურ კრიზისს უკავშირებენ
17367
single,single-post,postid-17367,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

ქართული ღვინის კომპანიები ექსპორტის შემცირებას რეგიონალურ კრიზისს უკავშირებენ

heyqzgekxbfhz8d

08 Jun ქართული ღვინის კომპანიები ექსპორტის შემცირებას რეგიონალურ კრიზისს უკავშირებენ

უკვე რამდენიმე თვეა რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია. კომპანიები ვითარების გამოსწორებას ელიან, თუმცა სტატისტიკა ყოველთვიურად უარესდება.

„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ექსპორტის შემცირებას რეგიონალურ კრიზისს უკავშირებს.

„კრიზისი, რომელიც რუსეთში რუბლის დევალვაციამ, უკრაინაში კი საომარმა მოქმედებებმა და პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია, ბუნებრივად შეასუსტა ექსპორტი, რამაც საქართველოს საექსპორტო რაოდენობის შემცირება გამოიწვია. თუმცა სხვა, მეტად მყარ და მსყიდველუნარიან ბაზრებზე გაზრდილია ექსპორტი, რაც იმის წინაპირობაა, რომ მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია. ეს სწორი პოლიტიკაა, როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული კომპანიის მხრიდან“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

მისი თქმით, რუბლის შედარებით დასტაბილურების შედეგად, ექსპორტი კვლავ გაიზრდება, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გასულ წელს რუსეთიდან შემოსული თანხები რამდენიმე მილიონს ასცდა, რაც ძალიან დიდი ბენეფიტი იყო ქართული ეკონომიკისთვის. რაც შეეხება უკრაინას, აქ შედარებით გრძელვადიან პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ამ ბაზართან დაკავშირებით შეფასების გაკეთება გამიჭირდება“, – აცხადებს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.

ნუცა აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ბაზრების ათვისება აუცილებელია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიებისთვის და სექტორისთვის ძალიან რთულია, რომ კონკურენტუნარიან ბაზრებზე უკვე ცნობილი პროდუქცია ქართული ღვინით ჩაანაცვლონ, მაშინ როდესაც ქართულ ღვინოს ნაკლები ცნობადობა აქვს.

„მაგრამ თუკი სექტორი მოახერხებს და ქართული ღვინო მსოფლიო ღვინოებს შორის დაიმკვიდრებს ადგილი და ნდობას მოიპოვებს, მაშინ ქართულ მეღვინეობას უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს და ეს პირდაპირპროპორციულია ქვეყნის იმიჯთან, ცნობადობის ამაღლებასთან და ეკონომიკის განვითარებასთან“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

რუსეთის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას საკმაოდ რთულად აფასებს „თელავის ღვინის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილიც. მისი განცხადებით, პრობლემის მოგვარება მოკლევადიან პერიოდში, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

„ძალიან რთულია, მოკლე ვადაში რაღაც შეიცვალოს და კომპანიამ თავისი პორტფელი გადააწყოს. რუსეთში მოთხოვნა ისეთივეა, როგორც ადრე, მაგრამ არასტაბილური ეკონომიკის გამო, მოსახლეობის ნაწილს ქართული ღვინის შეძენის შესაძლებლობა აღარ აქვს. ქართული ღვინო საკმაოდ მაღალფასიანია. იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ძალიან რთულია და ეს ექსპერტებსაც უჭირთ. თუმცა ჩვენს კომპანიას აქვს იმის სურვილი, რომ რუსეთის ბაზარზე მოთხოვნა იყოს და ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს, მაგრამ წლევანდელ წელს ეს რამდენად შესაძლებელი იქნება ეს, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ამ მდგომარეობის პარალელურად კი, ჩვენი კომპანია სხვა ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ჩვენთვის საინტერესოა ჩინეთის ბაზარი, ბალტიის ბაზარი, პოლონეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. გაყიდვები დავიწყეთ კორეაში და იაპონიაში“, – აცხადებს ზურა რამაზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს „თელავის ღვინის მარანმა“ 4 მილიონ-ნახევარი ბოთლი ღვინო გაყიდა, წელს კი, გაყიდვების მაჩვენებლის 30%-ით შემცირებას ვარაუდობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც სააგენტო ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის კლებით ხსნის.
სააგენტოს ცნობით, რუსეთში 70%-ით შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი, ხოლო უკრაინაში – 57%-ით. საერთო ჯამში, 2015 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში 10 455 407  ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.